გასულ კვირას Starkey ამერიკულმა ორგანიზაციამ დაუსვა კითხვები მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, თუ რა რჩევები აქვთ, რომ სასწავლო წელი სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის იყოს განსაკუთრებით კარგი. ქვემოთ მოცემულია შერჩეული პასუხები:
უყურეთ მოსწავლეებს საუბრის დროს; ნუ იყვირებთ და ძალიან ახლოს ნუ მიხვალთ მის სახესთან. ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, როგორც ერთ-ერთი სმენადაქვეითებული მოსწავლე. ნუ დაღეჭავთ საღეჭ რეზინას ან სხვა რამეს ლაპარაკის დროს, რომ თქვენი ტუჩები და პირი უპრობლემოდ იკითხებოდეს. მე ვკითხულობ ტუჩების მოძრაობით დღის მანძილზე და ასეთ შემთხვევაში კითხვა გართულებულია. ასევე, ნუ შეაქცევთ ბავშვებს ზურგს საუბრის დროს და ნუ ილაპარაკებთ მათ ზურგს უკან – Rachael Chmiel
ყველაზე კარგი რჩევა მასწავლებლებისთვის არის ის, რომ ჩვენს ბიჭს ისედაც ბევრი ენერგია ჭირდება ბგერების დასამუშავებლად და მოსმენაზე კონცენტრირებისთვის. შუადღეს მიეცით მოსწავლეებს 2-5 წუთი რომ სიწყნარეში დაისვენონ. –Melissa Grubbs
მე არ ვარ მასწავლებელი, თუმცა მე ვმუშაობ აუდიოლოგიის ოფისში. რამხელა სიხარულია, ნახო, როგორ იღიმებიან ბავშვები, როცა მათ ესმით. იქონიეთ მოთმინება და ნუ აგრძნობინებთ მათ თავს განსხვავებულად. არ არის აუცილებელი, ჩაყვიროთ ყურში. ესაუბრეთ მათ და ესაუბრეთ გარკვევით. უყურეთ მათ. დღეს ბევრი ადამიანი სწრაფად ლაპარაკობს და ლუღლუღებს ისე, რომ არც უყურებენ ერთმანეთს. ნუ იჩქარებთ, შეანელეთ მეტყველების ტემპი. – Lisa DeVita Leaver
თხოვეთ მასწავლებლებს, წაიკითხონ ინდივიდზე მორგებული განათლების პროგრამა (IEP), რომ უკეთ გაეცნონ, თუ რა უნდა მისცეს თქვენს შვილებს განათლების სისტემამ, ან რა არა. ეს ძალიან სასარგებლოა, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება. – Sharon Burns Weinstein
საუბრის დროს ნუ დადგებით ფანჯარასთან. კაშკაშა შუქის ფონზე მოსწავლეებმა, შესაძლოა, ვერ მოახერხონ ტუჩების მოძრაობის წაკითხვა. – Debbie Ammerman
ჩვენს სკოლაში ფილების იატაკია. სკოლის ადმინისტრაციამ სკამების ფეხებზე ჩოგბურთის ბურთების მაგვარი პატარა ბურთები მიამაგრა, რომ დიდი ხმაური არ გამოიწვიოს, როცა ბავშვები მოძრაობენ. მოერიდეთ ვენტილატორის გამოყენებას, საკლასო ოთახში ფანჯრის გაღებას, რადგანაც ეს ყველაფერი ხმაურის წყაროა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოსწავლე ვენტილატორიდან და ფანჯრიდან შორს გადასვით. ერთდროულად ნუ დაწერთ დაფაზე და ნუ ისაუბრებთ. დაფაზე წერის ხმა და თქვენი ზურგით დგომა ხელს უშლის მოსმენას. როცა რომელიმე მოსწავლეს კითხვა აქვს, ხაზი გაუსვით მოსწავლის სახელს და გაიმეროთ მისი კითხვა, რომ ყველა მოსწავლემ გაიგონოს. მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისას ან მითითებების ახსნისას, სთხოვეთ ბავშვს, გაიმეროს თქვენი ნათქვამი. დარწმუნდით, რომ ნამდვილად ყველაფერი გაიგონა. – Mark Watychowicz
ტუჩების მოძრაობას ძალიან კარგად ვკითხულობ, ასევე სახის მიმიკებს. უკვე 2 წელია ვიოლინოზე ვუკრავ, ხოლო ალტს 6 წელია. სკოლაში ნორმალური სმენის მქონე ადამიანებთან და რამდენიმე ყრუ მეგობართან ერთად დავდივარ. მუსიკალურ საკრავზე სკოლის ორკესტრში ნორმალური სმენის ადამიანებთან ერთად ვუკრავ. ხალხი სახეში მიყურებს და ნელა მესაუბრება, რომ გავიგონო. – Israelle Johnson
რას ურჩევდით ქართველ მასწავლებლებსა და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს?