ის ხმებიც, რომელიც არ გესმით, შესაძლოა მავნებელი იყოს სმენისთვის

wind turbineქარის ტურბინა, გულშემატკივართა შეძახილები ფეხბურთის მატჩისას,  სრული სიმძლავრით მომუშავე რეაქტიული ძრავი… თითოეული მათგანი გამოსცემს  იმაზე დაბალი სიხშირის ხმის ტალღებს, ვიდრე ადამიანის ყურს შეუძლია გაიგონოს. მაგრამ მხოლოდ ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ხმების დაბალი სიხშირის კომპონენტების მოსმენა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გავლენას არ ახდენენ თქვენს ყურებზე.  ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 90 წამის განმავლობაში დაბალი სიხშირის ხმების მოსმენას შეუძლია შეცვალოს თქვენი შიდა ყურის მუშაობა ხმაურის დამთავრებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

“დიდი ხანია ფიქრობენ, რომ დაბალი სიხშირის ბგერების ზემოქმედება არის სრულიად უვნებელი, მაგრამ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს არასწორია”  განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის St. Louis-ის მედიცინის სკოლის აუდიოლოგიის მკვლევარმა ჯეფრი ლიხტენჰანმა, რომელიც არ იყო ჩართული ამ ახალ კვლევაში. “

ადამიანებმა ზოგადად შეიძლება შეიგრძნონ 20-დან 20 000-მდე სიხშირის მქონე ციკლი წამში (ან ჰერცი), თუმცა ეს დიაპაზონი მცირდება ადამიანის ასაკთან ერთად. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სმენადი დიაპაზონის ფარგლებში ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება დროთა განმავლობაში იწვევს სმენის დაქვეითებას.  მაგრამ 250 ჰერცს ქვემოთ სიხშირის ხმების ზემოქმედების ეფექტი გაცილებით მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ზღვრის – 20 ჰერცის ზემოთ არის, ეს დაბალი სიხშირის ხმები როგორც წესი ან საერთოდ არ ისმის და ან ძლივს ისმის, ამიტომაც ადამიანებმა ყოველთვის არ იციან როდის ემუქრება მათ სმენას საფრთხე.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ნეირობიოლოგმა მარკუს დრექსლმა კოლეგებთან ერთად ჩაატარა კვლევა. მან  21 ნორმალური სმენის მქონე მოხალისე დასვა ხმადახშულ კაბინებში და  შემდეგ 90 წამის განმავლობაში მათ ჩაურთეს 30 ჰერცის ხმა. დრექსლმა თქვა, რომ ეს ძლიერი, ვიბრაციული ხმა ზუსტად ისაა, რა ხმასაც გაიგებთ თუკი თქვენ ჩასწევთ მანქანის მინას, როდესაც გზატკეცილზე  სწრაფად მოძრაობთ. შემდეგ მათ ჩაატარეს ცდა, რათა ჩაეწერათ ყურის ბუნებრივი რეაქცია ხმაურის დასრულების შემდეგ, რისთვისაც გამოიყენეს სპონტანური ოტოაკუსტიკური ემისიის (SOAE) ფენომენი, რომლის თანახმადაც ჯანმრთელი ადამიანის ყური თავისთავად გამოყოფს სუსტ სტვენისმაგვარ ხმებს. “როგორც წესი ისინი ძალიან სუსტად ისმის, მაგრამ მიკროფონთან ერთად უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ადამიანის ყური, ჩვენ შევძელით მათი დაფიქსირება” ამბობს დრექსლი. მკვლევარებმა იციან, რომ SOAE იცვლება ადამიანის სმენის ცვლილებასთან ერთად და ქრება სმენის დაკარგვასთან ერთად.

ადამიანის SOAE ჩვეულებრივ სტაბილურია მოკლე დროის პერიოდებში. მაგრამ კვლევისას, 90 წამის განმავლობაში დაბალი სიხშირის ხმის მოსმენის შემდეგ, მონაწილეთა SOAE-მა დაიწყო რხევა, მონაცვლეობით ხდებოდა ძლიერი და სუსტი. გუნდის ინფორმაციით, ცვალებადობა გაგრძელდა დაახლოებით 3 წუთი. დრექსლი განმარტავს, რომ ცვლილებები პირდაპირ არ მიუთითებს სმენის დაქვეითებაზე, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყური დროებით უფრო მგრძნობიარეა  დაბალი სიხშირის ხმების მიმართ. დრექსლი  დასძენს :”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიდია საბოლოო დასკვნა, არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ თუ თქვენ ხანგრძლივი დროით ხართ დაბალი სიხშირის ხმების გარემოცვაში, ამას შეიძლება ჰქონდეს მუდმივი ეფექტი.”

ბოსტონში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სმენის დაქვეითების მკვლევარი ჩარლზ ლიბერმანი აცხადებს: “სამწუხაროა, რომ ჩვენ შეიძლება მივაყენოთ განსაკუთრებული ზიანი ჩვენს ყურებს იმ ხმების საშუალებით, რომელიც  აუცილებელი არაა იყოს  მტკივნეული. რომ შევისწავლოთ კონკრეტული  ხმების პოტენციური ზიანი, მაგალითად ქარის ტურბინების საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილება, ლიბერმანი ამბობს, რომ იგივე ექსპერიმენტი შეიძლება განმეორდეს იმიტირებული ქარის ტურბინების ხმაურით. მას ასევე სურს, რომ კვლევა უფრო გაფართოვდეს, რომელიც გვანახებს თუ როგორ რეაგირებს ყური ხმაურზე- ნაცვლად სიჩუმისა-დაბალი სიხშირის ბგერების შემდეგ.“

წყარო: http://bit.ly/1xUDQmq

მთარგმნელი: სალომე ხორავა

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.