მუსიკოსები იმ რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომელთაც სმენის ისეთი პრობლემები უვითარდებათ, როგორიცაა ტინიტუსი. პროფესიონალი მუსიკოსები სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მუსიკის ხმამაღლა დაკვრასა და მოსმენაში ატარებენ, კონცერტებზე დიდი აუდიტორიის გამო საჭიროა ხმის მოცულობის გაზრდა.
ხმაურის დონეები და რისკები
მუსიკოსთა სმენის დაზიანება დამოკიდებულია ხმის მოცულობასა და მისი მოსმენის ხანგრძლივობაზე. worksafeindustrial.com-ის თანახმად, 85 დეციბელის ხმა არის “უსაფრთხო” და ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ხმის მოცულობის მოსმენა 8 საათის განმავლობაში აღმოჩნდეს საზიანო. 85-ს ზემოთ ყოველი სამი დეციბელის მატების შემთხვევაში მოსმენის დრო უნდა განახევრდეს. ქვემოთ მოცემულ სქემაში მოცემულია ხმაური ან ხმის დონეები და მათი დაშვებული მაქსიმალური მოსმენის დრო:
| დეციბელი | მოსმენის დრო |
| 85 | 8 საათი |
| 88 | 4 საათი |
| 91 | 2 საათი |
| 94 | 1 საათი |
| 97 | 30 წუთი |
| 100 | 15 წუთი |
| 103 | 7.5 წუთი |
| 106 | 3.75 წუთი |
| 115 | < 28 წამი |
| 130-140 | <1 წამი (მყისიერად) |
ქვედა დიაგრამა გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა დონის ხმა ასოცირდება კონკრეტულ მუსიკასთან (წყარო: healthandsafetyforhearts.com):

კონცერტებზე ხმის მოცულობამ შეიძლება 130 დეციბელს მიაღწიოს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის აკუსტიკურ ხელსაწყოებთან უშუალო სიახლოვეს მდგარ ადამიანებს, ბენდის წევრებსა და შემსრულებლებს.
MP3 ფლეიერის მზარდი პოპულარობა ხაზს უსვამს ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების მიერ წარმოქმნილ საფრთხეს. მას შეუძლია წარმოქმნას 100-107 დეციბელის ხმა, რომლის მოსმენაც მხოლოდ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ითვლება უსაფრთხოდ.
მუსიკოსები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ MP3 ფლეიერის მსგავსი ტექნოლოგიებით მუსიკის მოსმენაში, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან საკუთარ სმენას.
ტინიტუსი: მუსიკალური ინდუსტრიის მზარდი პრობლემა
ბოლო წლების განმავლობაში, ტინიტუსი სულ უფრო ფართოდ გავრცელებული პრობლემაა მუსიკალურ ინდუსტრიაში. Coldplay-ის ვარსკვლავმა, კრის მარტინმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ხმამაღალმა მუსიკამ მას ტინიტუსი განუვითარა. “მანამდე არ ზრუნავთ თქვენს ყურებზე, სამწუხაროდ, სანამ პრობლემა არ შეიქმნება. მე მქონდა ტინიტუსი დაახლოებით ათი წლის განმავლობაში და მას შემდეგ რაც დავიწყე ჩემი ყურების დაცვა, მდგომარეობა არ გაუარესებულა. მაგრამ ვნანობ, ნეტა ადრე მეფიქრა ამაზე. ახლა [ბენდში] ყოველთვის ვიყენებთ ფილტრაციის საცობებს ან ყურშიდა მონიტორებს, ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ყურები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდუსტრიული ყურსასმენები, თუმცა ეს უცნაურად გამოიყურება წვეულებაზე,” განაცხადა მან.
ძმები ლაიამი და ნოელ გალაჰერები (ჯგუფ “ოაზისი”-დან) ასევე საუბრობენ მრავალი წლის ცოცხალი შესრულების შემდეგ განვითარებულ ტინიტუსზე, გარი ნიუმანსა და რეპერ ფლენ ბის სმენაზეც ასევე უარყოფითად იმოქმედა მრავალწლიანმა მუსიკალურმა კარიერამ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები პირველნი არიან ტინიტუსის რისკის ქვეშ, დიჯეი ბენ გომორის თქმით დამსწრე აუდიტორიაც იმყოფება რისკის ქვეშ: “18 წლის ასაკში მქონდა ხანგრძლივი ხმაური ყურებში, რადგანაც ვიყავი ბარაბანისა და ბასების მუსიკის მქონე წვეულებაზე და მთელი ღამე ვცეკვავდი აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან ახლოს. ყურებში ხმაური არ გამქრალა, თუმცა გარკვეულწილად არის ხოლმე გადაფარული. ეს არ არის მხოლოდ ინდუსტრიაში გავრცელებული პრობლემა, ის უფრო და უფრო ხშირდება ახალგაზრდებში. ჩემი შემთხვევითი კლუბის მეგობრები მეუბნებიან, რომ მათაც აქვთ მსგავსი პრობლემა, რომელიც ნამდვილად შემაშფოთებელია,” განაცხადა მან.
მუსიკოსების თქმით, ტინიტუსის გარდა მათში ასევე გავრცელებულია “მუსიკალური ყურის სინდრომი” ან “მუსიკალური ჰალუცინაცია”; ამ შემთხვევაში პაციენტებს ყურში ჩაესმით მოჩვენებითი მუსიკა, რომელიც კავშირში არაა გარე წყაროსთან. ბირმინგემის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის აუდიოლოგიის კონსულტანტი ჰიუ კუპერი ამბობს, რომ ტინიტუსი და მუსიკალური ყურის სინდრომი არის ერთი და იგივე პრობლემა. “ჩვენ ყოველ კვირას ვხვდებით ადამიანს, რომელსაც ჩაესმის მოჩვენებითი მუსიკა და მსგავსი შემთხვევები ნაკლებად არის აღრიცხული. ტინიტუსი ასოცირდება ყურებში ბრახუნსა და რეკვასთან, როდესაც ჩაესმით მუსიკა, ამ პრობლემას ტინიტუსს ვერ უკავშირებენ. თუ ადამიანი არის ყრუ ან კარგავს სმენას, არ ხდება ტვინის იმ ნაწილის სტიმულაცია, რომელიც წარმოქმნის ხმის სიგნალებს. ხმის არარსებობის შემთხვევაში ტვინი დანაკლისის შევსებას თავად ცდილობს და დამახსოვრებული მუსიკის სტიმულირებას ახდენს.” განაცხადა მან.
სმენის დაცვა
სმენის დაზიანების რისკისა და ხმის უსაფრთხო დონემდე შემცირებისათვის დამცავი ყურსასმენები წარმოადგენს უმთავრეს მოთხოვნას მუსიკოსებისათვის.
ამჟამად ყურსასმენთა ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, მაგრამ მუსიკოსებმა მაინც უნდა მიმართონ სპეციალისტს მათზე მორგებული მოდელის ასარჩევად.
ProGuard Custom Musician and DJ Earplugs -ის წარმოებული ყურსასმენები უზრუნველყოფს შესანიშნავ დაცვას და ამავდროულად მუსიკას უნარჩუნებს მაღალ ხარისხს. ისინი კომფორტულად ერგება თქვენს ყურებს და იცავს მათ, ასევე აქვს სამი აკუსტიკური ფილტრის არჩევანი სხვადასხვა ხმის დონეებისთვის (17-დან 30 დეციბელამდე).
Earplugshop.com ის წარმომადგენელი რობ დოლი ამბობს, რომ ყურსასმენები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოთხოვნა მუსიკოსებისათვის: “მუსიკოსები არიან განსაკუთრებით დაუცველ პოზიციაში, რადგანაც სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე მეტად აქვთ შეხება საზიანო დონის ხმასთან. კარგი ხარისხის ყურსასმენების გამოყენებით მუსიკოსებს შეუძლიათ შეინარჩუნონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, მათი სმენა.
გარდა სმენის დამცავის ტარებისა, მუსიკოსებს საშუალება აქვთ შეამცირონ სცენაზე გატარებული დრო, თუმცა ეს შეუძლებელია მათთვის, ვისაც აქვთ რეგულარული გასვლითი ტურები, კონცერტები და სტუდიური სესიები. სმენის დაზიანებამ შეიძლება თქვენთვის საყვარელი მუსიკალური კარიერა დაგათმობინოთ. ყურსასმენთა კარგ ნაკრებში ინვესტიციის ჩადებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენთვის ძვირფასი სმენის შენარჩუნებას.
წყარო: ამერიკის ტინიტუსის ასოციაცია
მთარგმნელი: სალომე ხორავა