ჩვენი ბლოგის დღევანდელი სტუმარია სტეფ ბარბერი, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდზე, Starkey კანალშიდა აპარატის (CIC)-ის მომხმარებელი და შშმპ ეტლით მრბოლელი. ის დაიბადა სპინა ბიფიდით (ზურგის ტვინის თიაქარი) და 16 თვისას დაუსვეს დაქვეითებული სმენის დიაგნოზი. მას აქვს შთამაგონებელი ისტორია და სიცოცხლის წყურვილი. დაუთმეთ დრო და გაიცანით ის მისივე მონაყოლიდან.
მე ვარ 30 წლის და ვცხოვრობ კუნძულ ვანკუვერზე, ბრიტანულ კოლუმბიაში. მე დავიბადე დეფექტით, სპინა ბიფიდით. მივიღე ინფექციის საწინააღმდეგო უამრავი ანტიბიოტიკი, რამაც გამოიწვია მაღალი სიხშირეებზე მწვავე და სრული სმენის დაქვეითება. დიაგნოზი დამისვეს 16 თვის ასაკში და ამის შემდეგ მალევე მომარგეს სმენის აპარატი. ვესწრებოდი სკოლამდელი ინტერვენციის პროგრამას და გადავედი სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა კლასში სამი წლის ასაკში.
მე გამოვიცვალე სხვადასხვა მწარმოებლის უამრავი სმენის აპარატი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ 2008 წელს პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვნახე მერლი მეთლინის სასმენი მოწყობილობა CIC და მივხვდი, მეც უნდა მეცადა მისი მორგება; მისი მოწყობილობა იყო იმდენად პატარა და თან ძლიერი! მე გადავერთე Starkey-ის სმენის სპეციალისტზე. რადგანაც მქონდა მწვავე სმენის დაქვეითება, არ ვიყავი დარწმუნებული, თუ რამდენად კარგად იმუშავებდა მოწყობილობა ჩემს შემთხვევაში, მაგრამ ვიგრძენი, რომ არაფერი მქონდა დასაკარგი.
არც კი ვიცოდით, რომ იწყებოდა საუკეთესო პერიოდი ჩემი დაქვეითებული სმენის ისტორიაში. CIC-ის დიდი უპირატესობა დირექციონალურობის ფუნქციაა. 26 წლის ასაკში პირველად გავიგონე ჩიტების ჟღურტული და ჭრიჭინას ხმა. მანამდე მე გავაკეთე ყველაფერი ჩემი დაქვეითებული სმენით ამ სამყაროში, მაგრამ არასოდეს მიგრძვნია ვინმესთან კავშირი. მე მქონდა ურთიერთობის პრობლემები და დამოკიდებული ვიყავი ბგერების ტუჩების მოძრაობიდან ამოკითხვაზე, რის გამოც ბევრ რამეს გამოვაკლდი 13 წლის განმავლობაში სკოლაში. სანამ ბავშვი ვიყავი, არ ვატარებდი სმენის აპარატს, ვიხსნიდი და ვმალავდი ხოლმე მათ ხეზე, შემდეგ მავიწყდებოდა, სად დავდე. მე გავიარე მეტყველების თერაპია და ჩემმა მეტყველების მასწავლებელმა მომცა სავარჯიშოები, ვერ ვგებულობდი დამატებით სამეცადინოდ რატომ გავყავდი კლასიდან. კლასში ისედაც გარიყულად ვგრძნობდი თავს და მქონდა დიდი სასკოლო დატვირთვა. ეს იყო რთული, მაგრამ როცა მივაღწიე 20 წელს, მე ვიყავი კმაყოფილი, რადგან გავიარე ეს ყველაფერი. როდესაც მხვდებიან ადამიანები ნორმალური სმენით, ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ.
სპორტი, მოხალისეობა და საჯარო მეტყველება ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა. ერთ-ერთმა ჩემმა კერპმა შთამაგონა, მონაწილეობა მიმეღო შშმპ ეტლებით რბოლაში და მე მონაწილეობა მივიღე ბრიტანული კოლუმბიის გუნდში. ამ სპორტის მეშვეობით მეტად აღმოვაჩინე საკუთარი თავი და შესაძლებლობები და მოვიპოვე სიამაყისა და სრულფასოვნების გრძნობა. დაქვეითებული სმენით ცხოვრება არის დიდი სწავლის შესაძლებლობა და ის სფერო, სადაც მაინც ვითარდები, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ჰგონიათ, რომ გარკვეული შეზღუდვები გაქვს. ამ წლის დასაწყისში, საკონსულტაციო ბიზნესი დავაარსე, სახელად წარმატების უნარი. მე ასევე ვთანამშრომლობ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ვეხმარები, შევქმნათ უფრო მეტი ინკლუზიური ადგილები. შარშან ჩვენ დავასრულეთ სანაპიროს მოწყობა და უახლოეს კვირებში ახალი ინკლუზიური სათამაშო მოედანიც ამოქმედდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადგილი ყოფილიყო აღქმითი გამოცდილების შესაძლებლობა ყველას სტუმარისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ ამერიკული ჟესტების ენა, ბრაილის შიფრის პანელები და სხვადასხვა მუსიკალური სპექტაკლებისთვის ავაშენეთ ვიბრაციული და მოსასმენი პანელები.
თუ თქვენ გაქვთ სმენა დაქვეითებული, მინდა მოგიწოდოთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა!
- შეისწავლეთ, თუ რამ გამოიწვია თქვენი სმენის დაქვეითება, ასევე შეისწავლეთ, თუ როგორ შეამჩნიოთ პროგრესის ნიშნები. დაადგინეთ დახმარების რა გზები არსებობს.
- ნუ შეგრცხვებათ! სმენის დაქვეითება არ არის სამარცხვინო! სმენის აპარატები არაა ის, რაც ძველად იყო. არ დაუშვათ მცდარი შეხედულებები.
- გაუფრთხილდით სმენას! მოგვიანებით მადლობას გადაუხდით საკუთარ თავს. არ დაუშვათ, “ვიყო მაგარი”-მ დაგაკარგვინოთ სმენა. ეს ამად არ ღირს.
- ასწავლეთ თქვენს ოჯახსა და მეგობრებს, თუ რა არის სმენის დაქვეითება, ჟესტური ენა და როგორ შეუძლიათ დაგეხმარონ. როდესაც იმყოფებით საზოგადოებაში და სიტუაცია არაა თქვენზე მორგებული, აუხსენით ვინმეს თქვენი მდგომარეობა და ის შეცვლის ვითარებას. გაახმოვანეთ სმენადაქვეითებულთა საჭიროებები, იყავით მათი ხმა, მსოფლიოს ეს ნამდვილად ჭირდება.
- არ იგრძნოთ თავი მარტო! დაუკავშირდით ადგილობრივ ორგანიზაციებს კოლეგიალური მხარდაჭერის მისაღებად. დააკვირდით სხვებს, მაგალითად მერლი მეთლინს და დერრიკ კოლემანს, ვინც იყო თქვენს მდგომარეობაში და როგორ განახორციელეს ოცნებები მიუხედავად სმენის დაქვეითებისა. ესტუმრეთ მათ ვებსაიტებს, ნახეთ აქვთ თუ არა რჩეული წიგნები, შედით მათ ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდზე და გაუზიარეთ მათი შინაარსი თქვენს მეგობრებს.
- შესწირეთ თქვენი ძველი სმენის აპარატი Starkey-ის ფონდს. მოიძიეთ მათთვის თანხები თქვენს დაბადების დღეებსა და სხვა დღესასწაულებზე საჩუქრების ნაცვლად. მე მადლობელი ვარ ფონდისა და მისი თანადამფუძნებლების ბილ და თინა ოსტინების.
ასევე გიგზავნით გამოწვევას თქვენ, ვინც არა ხართ ყრუ და არა გაქვთ სმენა დაქვეითებული:
- მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.
- იფიქრეთ სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებული ადამიანის მოწვევაზე თქვენს მომდევნო კონფერენციაზე ან თქვენს სკოლაში, რათა გაიზიაროთ მისი გზავნილი.
- ჩართეთ სმენადაქვეითებული სტუდენტები, ბავშვები და მოზარდები თქვენს სამეგობრო წრეში.
- კომუნიკაციის ბარიერები შეიძლება დაიძლიოს, თუ თქვენ ხართ შემოქმედებითი. გააცნობიერეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ!
- ისწავლეთ ამერიკული ჟესტების ენა.
- შეეკითხეთ საკუთარ თავს “როგორ გავხადო ჩემი სამუშაო ადგილი, სკოლა ან საზოგადოება ინკლუზიური სმენადაქვეითებულთათვის?”
მადლობა ჩემი ისტორიის წაკითხვისთვის! ერთმანეთის გაცნობითა და ურთიერთგაგებით ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უფრო ინკლუზიური და სასურველი ადგილი ყველასათვის.
წყარო: Starkey Blog
მთარგმნელი: სალომე ხორავა