როგორ გავუმკლავდეთ ტინიტუსს?

articl1ბოლო 5 წელია, 39 წლის ფეხსაცმლის დიზაინერს, სკოტ ვილსს აწუხებს ტინიტუსი. 

“ყველაფერი თვითმფრინავში დაიწყო. მე შევტრიალდი, რომ წამოვწოლილიყავი და ძალიან ხმამაღალი, მაღალი ტონალობის ხმა წარმოიქმნა ჩემს მარჯვენა ყურში. ის გრძელდება მას შემდეგ და ამჟამად უფრო მეტად ვგრძნობ თავის შუა ნაწილში.”

ტინიტუსი (ლათინურად რეკვა) ნიშნავს ხმაურს ერთ ან ორივე ყურში, როდესაც გარეთ შესაბამისი ხმები არ ისმის.

ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, წკაპუნი, ან თუნდაც როგორც შორეული ხმა. ეს ხმები შესაძლოა გაჩნდეს და გაქრეს, ან იყოს უწყვეტი.

ბრიტანეთის ტინიტუსის ასოციაციის შეფასებით, ზრდასრულთა 10 %-ს მუდმივად აქვს ეს პრობლემა და მათგან 10-დან ერთი აცხადებს, რომ ეს სერიოზულ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე.

ტინიტუსის გამომწვევი მიზეზებია: ევსტაქის მილის შეშუპება (რომელიც პასუხისმგებელია ყურის თანაბარ წნევაზე), ყურის გოგირდის ან ცვილის ზემოქმედება, მაღალი ხმებისგან გამოწვეული ტრამვა, ყბის პრობლემები, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, ასევე თავბრუსხვევა.

ბევრ პრეპარატს, მათ შორის ასპირინს და იბუპროფენს შეუძლია გამოიწვიოს ან გაამწვავოს ტინიტუსი.

საკვების სენსიტიურობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ყურზე და გადაკეტოს ევსტაქის მილი, რაც გამოიწვევს ტინიტუსს. ამაში შეიძლება ჩართული იყოს კვებითი ნივთიერებების ნაკლებობა, მაგალითად: თუთია, რკინა და ვიტამინი B12.

სკოტმა ჩაიტარა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და სხვადასხვა მოსმენითი ტესტები. “ექიმებმა  განაცხადეს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს სითხის დაგროვება ჩემს შიდა ყურში, მაგრამ აღიარეს, რომ ზუსტი მიზეზი მაინც არ იციან”.

მიუხედავად იმისა, რომ ტინიტუსის მექანიზმი არ არის ნათლად გაგებული, როგორც წესი, სტრესი აუარესებს მდგომარეობას. ტინიტუსის მქონე ადამიანს, რომელიც გრძნობს, რომ ვერ იღებს დახმარებას, შეიძლება განუვითარდეს შფოთვა ან დეპრესია.

“ექიმებმა მითხრეს, რომ არაფერი მიშველიდა,” ამბობს სკოტი. “მე მქონდა  შიში, რომ მდგომარეობა გახდებოდა უფრო უარესი და მე ვერ შევძლებდი მის მართვას.”

“კვებითი ნივთიერებების დანამატებმა ოდნავ გააუმჯობესა ჩემი მდგომარეობა და ახლა კოგნიტურ ქცევითი ჰიპნოთერაპია მეხმარება პოზიტიური განწყობის შექმნაში – გვირაბის ბოლოში სინათლეა”, ამბობს სკოტი.

სკოტის დაეხმარა ექიმი დებორა სიმსი, თუ როგორ არ მიექცია ხმაურისთვის განსაკუთრებული ყურადღება. ამის შემდეგ ხმებმა დაიწყო შესუსტება.

დებორა განმარტავს, რომ კომპლექსური აუდიტორული სისტემა ფილტრავს სხვადასხვა ხმების პრიორიტეტულობას. თუ თქვენ შეშფოთებული ხართ ხმების გამო, სტრესი მატულობს და ყველა გრძნობა, მათ შორის სმენაც მძაფრდება.

იმის გაგებამ, რომ მისი მდგომარეობა განუკურნებელია, სკოტს კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა და განცდილი შიშის გამო ყურში ხმაური გაძლიერდა. სხვადასხვა ტექნიკით შიშის დაძლევამ ხელი შეუწყო ხმის პრიორიტეტულობის შემცირებას და შესაბამისად სკოტიც ნაკლებად ამჩნევს მას.

როდესაც სკოტი და დებორა ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ, რა გავლენას ახდენს ტინიტუსი სკოტზე. შემდეგ ისინი საუბრობენ ყოველდღიურ სტრატეგიაზე და ატარებენ ჰიპნოთერაპიის კურსს.

სკოტი ამბობს: “მე დავმშვიდდი ტინიტუსის კლებასთან ერთად. მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, ვისაც ესმის ეს საშინელი მდგომარეობა. დებორამ შეიმუშავა მისი მართვის შესანიშნავი მეთოდი.’

წყარო: Dailymail, 2015, February 1

მთარგმნელი: სალომე ხორავა

One comment

  1. datoi's avatar

    davitajne ((((((((((((((((((((((

    Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.