შემზარავია განცხადებები სმენადაქვეითებული ადამიანების დაფაზე, რომლებიც ეხება ტინიტუსისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირს. აქ გამოკრულია დის განცხადება,სადაც მოთხრობილია ძმის თვითმკვლელობაზე, რომელმაც ვეღარ შეძლო ამ მდგომარეობაში ცხოვრების გაგრძელება. ასევე აქვე წერს 30 წლის პაციენტი, რომელიც ვერ ახერხებს ძილს და აწუხებს ულმობელი ხმაური, რომელიც “თითქოს გამუდმებით თავს უხლიჩავს”.
ამერიკის ტინიტუსის ასოციაციის შეფასებით, ტინიტუსი არის სამედიცინო ტერმინი, რაც ნიშნავს ხმაურს ერთ ან ორივე ყურში, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. დაახლოებით 50 მილიონ ამერიკელს აღენიშნება ტინიტუსი ერთ ან ორივე ყურში; 16 მილიონს აქვს მწვავე სიმპტომები იმისათვის, რომ მიმართოს ექიმს და 2 მილიონი იტანჯება ტინიტუსის უმძიმესი ფორმით. ამჟამად ტინიტუსი არის პროფესიასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი შეზღუდულობა ვეტერანებისთვის.
“ჩვენი პაციენტები არიან სასოწარკვეთილები, როდესაც ჩვენთან მოდიან. ძალიან რთულია, დაჯდე პაციენტთან და დაარწმუნო ის, რომ მას გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში დააბრუნებ”, აცხადებს აუდოლოგი ალენ როე, არიზონადან.
მიუხედავად იმისა, რომ ტინიტუსის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაინც არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელიც იწვევს ან აუარესებს მას. მაგალითად: ძალიან ხმამაღალი ხმა, თავისა და კისრის ტრამვა, მენიერის დაავადება და ფიბრომიალგია, სიმსივნეები, გოგირდის დაგროვება, ყბის ცვლილება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მედიკამენტები, რომლებიც საზიანოა სმენისათვის.
დოქტორმა როემ განაცხადა, რომ ის ხვდება მის პაციენტებს 1-2 წლის განმავლობაში და იყენებს ტინიტუსის გადამზადების თერაპიას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ექსპერტებისგან შეისწავლა. ერთ-ერთი მისთვის გამორჩეულად წარმატებული ისტორიაა იმ პაციენტთან მუშაობა, რომელსაც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა მას შემდეგ, რაც ხმაურის მართვის წარმატებული გზა ვერ იპოვა. ერთწლიანი გადამზადების თერაპიის შემდეგ, მან შენიშნა სრული სიჩუმის მომენტები, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
არც ისე ბევრი კვლევაა ჩატარებული ტინიტუსისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირის შესახებ. 2001 წლის ნოემბერ/დეკემბერში, აუდიოლოგიის ამერიკული აკადემიის ჟურნალის მე-12 ტომში, გარი ჯეკობსონმა და დევინ მაკკასლინმა გამოაქვეყნეს ამ კავშირის შესახებ ჩატარებული მიგნებები. მათ შეისწავლეს 1996-დან 2001 წლამდე გამოქვეყნებული 12 სტატია ტინიტუსსა და თვითმკვლელობის უერთიერთკავშირზე და დაადგინეს, რომ იმ პაციენტთა უმრავლესობას, რომელმაც თავი მოიკლა, მანამდე აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები (როგორიცაა დეპრესია), რამაც გააძლიერა მათი ტინიტუსი. მათ მიაჩნიათ, რომ აუდიოლოგებმა და ოტოლოგისტებმა უნდა იცოდნენ თვითმკვლელობის გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც არიან დეპრესიულები.
რჩევები ტინიტუსის მქონე ადამიანებისთვის:
თუ თქვენ გაქვთ ტინიტუსი, მიმართეთ აუდიოლოგს, ან ყურის ექიმს, რომლებიც დაგისვამენ დიაგნოზს და შემოგთავაზებენ მისი მოგვარების გზებს. როგორც კი ისინი დაადგენენ გამომწვევ მიზეზს, თქვენ ერთად შეიმუშავებთ გეგმას, როგორ მართოთ ტინიტუსი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად განკურნების გზები არ არსებობს, თქვენი სიმპტომების ეფექტურ კონტროლში სმენის აპარატის, კონსულტაციის, ხმოვანი თერაპიისა და მართვის ტექნიკების კომბინაცია დაგეხმარებათ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე. მოძებნეთ გზები, რათა შეამციროთ სტრესი, დაიცავით თქვენი სმენა დამატებითი ხმაურის მავნე ზემოქმედებისაგან და მისდიეთ თქვენთვის დადგენილ მკურნალობის პროგრამას.
იყავით პოზიტიური. ეცადეთ არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი თქვენი დიაგნოზის გამო, იყავით აქტიური თქვენს მკურნალობასთნ მიმართებაში და შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა იმისათვის, რომ მართოთ თქვენი მდგომარეობა. თუ ეს რთული აღმოჩნდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფსიქიატრს და ის გასწავლით პრობლემის ეფექტური დაძლევის უნარებს.
მოიპოვეთ მხარდაჭერა. შეუერთდით იმ ადამიანებით დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელთაც ესმით თქვენი პრობლემა. თქვენს მდგომარეობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე გაიგეთ მეტი და გაუზიარეთ თქვენი ცოდნა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. გარს შემოიხვიეთ ის ადამიანები, ვისი დახმარებითაც გაუმკლავდებით თქვენს მდგომარეობას.
“როდესაც საბოლოოდ ავდივართ მწვერვალზე და გადმოვიხედავთ, შეგიძლიათ ნახოთ მათი სახეების გამომეტყველება. ცვლილებები იწყება და ისინი უბრუნდებიან ცხოვრებას,” ამბობს დოქტორი როე იმ პაციენტებზე, რომლებმაც შვება მიიღეს მისი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
წყარო: Healthy Hearing; 2014, 24 October
მთარგმნელი: სალომე ხორავა