ეს ყველაფერი, ანუ ხმაური ყურებში, დაიწყო 10 წლის წინ და მიზეზი მაინც მგონია, რომ არის პრეპარატი გენტამიცინი. ყური მტკიოდა და დამინიშნეს ეს პრეპარატი. ცოტა ხანში დაიწყო ეს ყველაფერი.
თავდაპირველად მესმოდა მატარებლის ანუ გუგუნის ხმა, შემდეგ სხვადასხვა ხმები, ეხლა კი ტელევიზორი თითქოს სადღაც შორს არის ჩართული და ხმა მოდის ჩემამდე. ყველაზე მეტად მაწუხებს ღამით და განსაკუთრებით ცუდ ამინდში. სმენასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს. ვიმკურნალე ნერვოპათალოგთან და გამომიწერა ბეტასერკი, დამამშვიდებელი და მირჩია ცურვა. გარდა ამისა მივიღე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები და რა თქმა უნდა ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა ხმაური არის და არის (ნაკლები დოზით). დამიდგინეს, რომ მაქვს კისრის მალების ოსტეოქონდროზი, რაც ხმაურის ერთ- ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება.
პირველად ძალიან მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში არანაირად არ მიშლის ხელს. ყველაზე მეტად ის მაიმედებს, რომ ეს ადამიანებს დიდი ხნიდან აწუხებს და აგრძელებენ ცხოვრებას ანუ იმ იმედით ვარ, რომ ეს არ მომკლავს… შევეგუე ამ ყველაფერს, ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო მასზე ანუ მას არ ”ვუსმინო”, აი ეს უნდა გამოიმუშავო.
მინდა, გითხრათ, რომ ვმუშაობ გამგეობაში. ვარ აქტიური. ეხლახან გავიარე ტესტირება (სამსახურთან დაკავშირებული), ასევე გავიარე ტესტირება საარჩევნო კომისიაში და ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს “დაავადება” არ მიშლის ხელს, რომ ვიყო საზოგადოების აქტიური წევრი. დავდივარ ყველა ღონისძიებაზე და არ ვაძლევ მას იმის საშუალებას, რომ “დამჩაგროს”! ასევე ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
დიდ მადლობას გიხდით, რომ ეს თემა ასე გააქტიურეთ, ვისმენ ყველა აზრს და ბევრ საინტერესოს ვიგებ ტინიტუსის ჯგუფიდან ფეისბუქზე.
გმადლობთ.
ქეთინო, 55 წლის, ბათუმი
გინდათ გაგვიზიაროთ თქვენი ისტორია? შეავსეთ კითხვარი და გამოგვიგზავნეთ იმეილზე: starkeytbilisi@gmail.com
• სახელი, ასაკი, ქალაქი
• როდის დაგეწყოთ ტინიტუსი, როგორ ან რატომ დაიწყო იგი?
• რა ტიპის ხმა გესმით?
• როდის გაწუხებთ ყველაზე მეტად და როდის ყველაზე ნაკლებად?
• როგორ უმკლავდებით მას?
• გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სახლში, სამსახურში?
• ვის მიმართეთ სამკურნალოდ, რა შემოგთავაზეს და მოგცათ თუ არა მკურნალობის რომელიმე მეთოდმა შედეგი?
• რაში გეხმარებათ ტინიტუსის ჯგუფი?